საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიადის (EJOI) გამარჯვებულ მოსწავლეებს უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიადის (EJOI) გამარჯვებულ მოსწავლეებს უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

 

ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI) 2-6 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც 27 სახელმწიფოს ნაკრებების 136 მოსწავლე მონაწილეობდა (https://ejoi2020.ge). ოლიმპიადაში 15 წლამდე ასაკის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.

 

ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებმა: ლუკა მოსიაშვილმა – ოქროს, იოსებ რიგვავამ – ვერცხლის, ხოლო ქეთა ციმაკურიძემ და ლუკა მელაძემ – ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ოთხივე კომაროვის სკოლის მოსწავლეა. აღსანიშნავია, რომ ლუკა მოსიაშვილი ევროპის ოთხ უძლიერეს მოსწავლეს შორის მოხვდა.

 

ამ ოლიმპიადაზე საქართველო დაარსებიდან, 2017 წლიდან მონაწილეობს. საქართველოს ნაკრებების შემადგენლობაში,  კომაროვის სკოლის მოსწავლეებს  ამ ოლიმპიადაზე ოქროს 2, ვერცხლის 3 და ბრინჯაოს 6 მედალი აქვთ მოპოვებული.

 

ოლიმპიადის ჩატარებას ხელმძღვანელობდა გოჩა მანდარია. ნიკა ჯიმშელეიშვილის ხელმძღვანელობით ახალგაზრდების ჯგუფმა (ბაკურ ცუცხაშვილი, სანდრო ხოხიაშვილი და ვანო გამეზარდაშვილი) იმუშავეს ამოცანების შედგენაზე. ასევე, სამუშაო პროცესში იყვნენ ჩართული ზაზა გამეზარდაშვილი, გურამ ქოთოლაშვილი და ოთო ესართია.

 

გლობალური პანდემიისა და ფორსმაჟორული სიტუაციის მიუხედავად, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის საქართველომ მაღალი შეფასება და განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურა ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადის – EJOI-ის პრეზიდენტ კრასიმირ მანევისგან, ოლიმპიადის საერთაშორისო კომიტეტის წევრებისაგან, ბოსნია- ჰერცეგოვინის, უკრაინისა და ოლიმპიადის მონაწილე სხვა ეროვნული ნაკრები გუნდების ლიდერებისგან.

 

ინფორმატიკის ოლიმპიადაში მასში რეკორდულად ბევრმა – 27-მა სახელმწიფომ მიიღო მონაწილეობა.  ოლიმპიადის ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სამეცნიერო-საგანანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფდა, ორგანიზებას კი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი უწევდა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ევროპის ინფორმატიკის მე-5 ახალგაზრდული ოლიმპიადა, მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში ტრადიციულ ფორმატში ჩატარდება და მას კვლავ საქართველო უმასპინძლებს.

 

ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. იგი იმართება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის წესებისა და სტანდარტების მიხედვით. პირველად ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI) 2017 წელს ბულგარეთში გაიმართა.

 

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ნაკრების ხელმძღვანელებს, პედაგოგებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!


ზემოთ